აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა, დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღის საშუალებით, შეცვალეს ომის დინამიკა.
ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა ოთხშაბათს ბრიუსელში რამშტეინის ფორმატში შეხვედრის გახსნისას განაცხადა.
“პუტინი ცდილობს მეტი ძალების მობილიზებას და ამტკიცებს, რომ უკრაინის სუვერენული ტერიტორიები რუსეთს ეკუთვნის. ის უკრაინის ქალაქებში უტევს სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას. ის იყენებს უპასუხისმგებლო მუქარას და რიტორიკას”, – თქვა ოსტინმა.
თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა იმ პროგრეს რომელსაც ბრძოლის ველზე ახწევენ უკრაინელის სამხედროები დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის წყალობით.
„როდესაც სექტემბერში შევხვდით, ყველანი ვუყურებდით ბრძოლის ველზე უკრაინის არაჩვეულებრივ მიღწევებს. პუტინის ახალი თავდასხმების მიუხედავად, უკრაინულმა ძალებმა შეცვალეს ამ ომის დინამიკა. მათ რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლეს ასობით ქალაქი და დაიბრუნეს ათასობით კვადრატული კილომეტრი მიწა. ეს გამარჯვებები ეკუთვნის უკრაინელ ჯარისკაცებს. თუმცა, საკონტაქტო ჯგუფის უსაფრთხოების დახმარება, წვრთნა და მხარდაჭერის მცდელობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ უზარმაზარ პროგრესს და როგორც ომი შეიცვალა, ასევე შეიცვალა ამ საკონტაქტო ჯგუფის მისია.”
მისი თქმით, რუსული თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს მოკავშირეების გადაწყვეტილებას უკრაინის დასახმარებლად.
რამშტეინის ფორმატში ჯგუფის შეხვედრის გარდა, ბრიუსელი ასევე უმასპინძლებს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას. გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება შეხვედრის მთავარი პრიორიტეტი იქნება.
Discussion about this post