“ქართული ოცნების” მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, “კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის” დასანქცირებული პოლიციის მაღალჩინოსნები დააჯილდოვა, წერს რადიო თავისუფლება.
ორბელიანის სასახლეში 30 იანვარს გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ- მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელთა წარდგინებითაც ჯილდოები გადაეცათ „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს:
- შინაგან საქმეთა მინისტრს -ვახტანგ გომელაურს
- მინისტრის პირველ მოადგილეს შალვა ბედოიძეს
- მოადგილეებს – იოსებ ჭელიძეს
- ალექსანდრე დარახველიძეს
- გიორგი ბუთხუზს
ღირსების ორდენებით ასევე დაჯილდოვდნენ
- თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი
- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე
- ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი (“ხარება”)
- ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები:
- მილერი ლაგაზაური
- მირზა კეზევაძე
ღირსების ორდენით დაჯილდოებული მაღალჩინოსნების უმრავლესობას ევროკავშირს ქვეყნებისა და შეერთებული შტატების მიერ სანქციები აქვთ დაწესებული თბილისში მიმდინარე პროდასავლური დემონსტრაციების სასტიკი დარბევის გამო.
აშშ-მა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას„) მოადგილეს, მირზა კეზევაძეს. ორივე მათგანი გლობალურ “მაგნიტსკის სიაში” შეიყვანეს.
მანამდე რამდენიმე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესა სანქციები.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.
სანქცირებული არიან:
- ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
- ალექსანდრე დარახველიძე – შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;
- სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
- ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
- მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესება დაიწყო 2023 წელს და 2024 წელში გააქტიურდა.
ირაკლი კობახიძემ 2024 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ პოლიციის სანქცირებულ მაღალჩინოსნებს დააჯილდოებდნენ, თუმცა ამის განხორციელება ვერ მოხერხდა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პირობებში.
Discussion about this post