შავი პომიდორი არის ჰოსტელი და რესტორანი ქუთაისში, რომელიც ისტორიულ უბანში, საფიჩხიაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ბავშვობის მეგობრებმა ელენე ზამთარაძემ, პროფესიით მარკეტერმა და Მარიამ რამიშვილმა, HR პროფესიონალმა გადაწყვიტეს შეექმნათ თავშეყრის, დასვენების და გართობის ახალი ადგილი ქუთაისში.
“გვქონდა სურვილი, შეგვექმნა დასარჩენი, სადაც სტუმრებს ქალაქის ცენტრში დახვდებოდათ მეგობრული გარემო, საინტერესო ინტერიერი, კარგი მომსახურება და ჰოსტელშივე გემრიელად კვების შესაძლებლობა.” – ამბობს ელენე.
Ახალი შავი პომიდორი 2 თვის წინ გაიხსნა. ჰოსტელში არის 7 პრივატული და 2 საერთო ნომერი, რომელიც ჯამში 40-მდე სტუმარს იტევს.
ჰოსტელში არის განსხვავებული საერთო სარგებლობის სივრცეები, მათ შორის ტერასები, დიდი ეზო და რესტორანი, რომელშიც თავს იყრიან როგორც ჰოსტელის, ასევე გარედან შემოსული სტუმრები.
ჰოსტელის სამიზნე აუდიტორია, უმეტესად ქუთაისის აეროპორტით მოსარგებლე ტურისტები არიან, ძირითადად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. თუმცა, ჰოსტელი ასევე აქტიურად მასპინძლობს ქართველ დამსვენებლებს.
“როცა მენიუს კონცეფციაზე ვფიქრობდით, თითქოს იდეა თავისთავად გაჩნდა – აქ ადრე ქართველები და ებრაელები ჰარმონიაში თანაცხოვრობდნენ. ამიტომაც ბევრი აღარ გვიფიქრია – გადავწყვიტეთ, გაგვეცოცხლებინა ის გემოები, რომლებსაც ქუთაისი საუკუნეების განმავლობაში ასე გემრიელად ინახავდა. გამოვკითხეთ ყველა, ვისაც ჩვენთვის ღირებული ინფორმაციის გაზიარება შეეძლო – ქუთაისელი ებრაელები, ძველი მზარეულები, თუ ეთნოლოგები. ყველა ამბავი შევაგროვეთ და ჩავინიშნეთ.
ჩვენმა შეფ-მზარეულმა მაშიკო ზამთარაძემ კარგად შეისწავლა თითოეული რეცეპტი, პროდუქტი და ისტორიაც კი. გარდა საოცარი გემოებისა, აქაურ კერძებს ბევრი საინტერესო ამბავიც ახლავს. ამ ამბებს ჩვენი კერძებით მოგიყვებით. გარემომ გვიბიძგა, შეგვექმნა ქართულ-ებრაული კერძების სინთეზი. Black Tomato Kitchen ქუთაისის სიყვარულით შეიქმნა.” ამბობს ელენე ზამთარაძე.
როგორც მარიამ რამიშვილი ამბობს, ამბავი 2018 წელს დაიწყო. “ქუთაისში რამდენჯერმე მოგზაურობისას ძალიან გაგვიჭირდა კარგი დასარჩენი ადგილის პოვნა, საერთაშორისო აეროპორტის გახსნა და მიმართულებების რაოდენობების ზრდა კი ქალაქს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილად აქცევდა. იდეა გვქონდა, თუმცა საკუთარი ჰოსტელის გახსნა მაინც არარეალური გვეჩვენებოდა. შემდეგ კი სრულიად უეცრად და შემთხვევით გავიცანით ადამიანი, რომელიც ქუთაისში ბინას აქირავებდა. იმ წამსვე გადავწყვიტეთ, ბინა გვენახა და რეალურად დაგვეწყო ბიზნესის დაგეგმვა.
შავი პომიდორი 2019 წლის აპრილში გაიხსნა და მოკლე დროში სტუმრებისგან მიღებულმა შეფასებებმა ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბა. Წელიწადნახევარი საშუალოდ 80%-იანი დატვირთულობით ვიმუშავეთ, Შემდეგ კი პანდემია მოვიდა და ჰოსტელის დროებით დაკეტვა მოგვიწია.
პანდემიის დროს გადავწყვიტეთ, კრიზისული პერიოდი ახალი ჰოსტელის გაკეთებისთვის გამოგვეყენებინა, ჩვენი საკუთარი შენობა შევიძინეთ და მისი მოწყობა დავიწყეთ.”
ელენე ზამთარაძე: “Ჩვენთვის ორივესთვის შავი პომიდორი არამხოლოდ პერსონალურ პროექტად, არამედ პროფესიულად ახალ და საინტერესო გამოწვევად იქცა.
ცოტა ამბიციურად ჟღერს, თუმცა გვსურს, გოგოებს მაგალითი მივცეთ და ვუთხრათ, რომ არ არსებობს საქმე, რომელსაც მხოლოდ იმიტომ ვერ გააკეთებ, რომ გოგო ხარ. ჩვენ გვჯერა, რომ შავი პომიდორი ბევრს მისცემს ბიძგს, გააკეთოს რამე ახალი და საინტერესო.”
Discussion about this post