რუსეთმა ყაზახური ნავთობის ექსპორტი მას შემდეგ შეზღუდა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის ინტერესებისთვის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა, წერს კომერსანტი.
17 ივნისს ყაზახეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან ერთად სანქტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით, ჟურნალისტ მარგალიტა სიმონიანის კითხვაზე, რომელიც ფორუმის მედიატორის მოვალეობას ასრულებდა, ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ეგრედ წოდებულ დონეცკის და ლუგანსკის თვითაღიარებულ რესპუბლიკებს კვაზისახელმწიფოებრივ სუბიექტები უქწოდა.
„ჩვენ არ ვაღიარებთ ტაივანს, არც კოსოვოს, არც აფხაზეთს და არც სახრეთ ოსეთს, თუ ერის თვითგამორკვევის უფლება მართლაც განხორციელდება მთელ მსოფლიოში, მაშინ 193 სახელმწიფოს ნაცვლად, რომლებიც ახლა გაერო-ს წევრები არიან, დედამიწაზე 500 ან 600-ზე მეტი სახელმწიფო გაჩნდება. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს ქაოს მსოფლიოში. “ – განაცხადა ტოკაევმა.
ასევე, პუტინის თანდასწრებით, ტოკაევმა გამოთქვა თავისი პრეტენზია სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებთან და რუს პროპაგანდისტებთან დაკავშირებით და ისინი ყაზახეთსა და რუსეთს შორის მტრობის გაღვივებაში დაადანაშაულა.
მეორე დღეს რუსულმა ბიზნეს გაზეთმა „კომერსანტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნოვოროსიისკის პორტით ყაზახური ნავთობის გადაზიდვა დროდადრო შეიძლება შეჩერდეს.
ოფიციალური მიზეზი ის არის, რომ ტერმინალის მახლობლად მდებარე წყალში, სადაც ყაზახეთის ნავთობსადენი მთავრდება, მოულოდნელად მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტორპედოები და ნაღმები აღმოაჩინეს.
განაღმვითი სამუშაოები 20 ივნისს არის დაგეგმილი, ისინი შეიძლება თვის ბოლომდე გაგრძელდეს.
Discussion about this post