შეერთებული შტატები უკრაინისთვის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. სავარაუდოდ, ამ პაკეტში პირველად შევა 150 კილომეტრის მანძილზე მოქმედი რაკეტები. ამის შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება Reuters-ი.
საუბარია 150 კილომეტრის დისტანციაზე მოქმედი მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემების GLSDB-ის მიწოდებაზე. ამჟამად უკრაინისთვის გადაცემული რაკეტებს მოქმედების დიაპაზონი 80 კილომეტრამდეა.
გასული წლის ნოემბერში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია GLSDB-ის მწარმოებელი კომპანიის Boeing-ის მზადყონაზე, უკრაინისთვის მიეწოდებინა ეს იარაღი.
GLSDB-ის სისტემა რეაქტიული ძრავის მქონე მცირე დიამეტრის სარაკეტო ბომბისგან შედგება. ეს თვით დამიზნებადი რაკეტები ამერიკულ-შვედური წარმოების არის. რაკეტების გაშვება შესაძლებელია უკრაინაში მოქმედი HIMARS-იდანაც, რომლის შედეგადაც შორი მანძილიდან შესაძლებელი იქნება მოძრავი სამიზნეების განადგურება.
GLSDB-ის ტექნიკური მონაცემების მიხედვით, სარაკეტო სისტემა GPS გლობალური სანავიგაციო საშუალების გამოყენებით კონტროლდება და ნებისმიერ კლიმატურ პირობებში ერთი მეტრის დიამეტრის მქონე სამიზნის განადგურება შეუძლია, მათ შორის ეფექტურად მოქმედებს ჯავშანტექნიკის წინააღმდეგაც.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვაშინგტონმა კიევის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, უკრაინა 300 კილომეტრის მანძილზე მოქმედი ATACMS რაკეტების მიწოდებას ითხოვდა რომელთა გასროლაც HIMARS-ის დანადგარებიდან არის შესაძლებელი. თეთრი სახლი შიშობს, რომ უკრაინელები რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებს დაარტყამენ, რამაც შეიძლება ომის უკონტროლო ესკალაცია გამოიწვიოს.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის იმჟამინდელი მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი, აცხადებდა, რომ კიევი დასავლეთ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთი რაკეტების მიწოდებაზე, რომლებიც ანექსირებულ ყირიმში განთავსებული რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის საშუალებას მისცემს.
უკრაინას შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის დამხმარე აღჭურვილობას, ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალისა და Javelin სისტემის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, აცხადებენ Reuter-თან საუბრისას ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. Reuters-ის ცნობით, შეერთებულ შტატებში სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მიმდინარე კვირაში გააკეთებენ.
Discussion about this post