2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 7%-ით შემცირდა და მან 3 მილიონი ტონა შეადგინა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კლება განპირობებულია სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობის 8.5%-ით შემცირებით, ასევე ქვეყნის შიდა გადაზიდვების 35%-იანი კლებით. სანაცვლოდ კი საქართველოდან უცხოეთში გადაზიდვები გაზრდილია, Bmg.ge
საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვის მაჩვენებლები 2025 წლის პირველ კვარტალში:
- მთლიანი გადაზიდვები – 3 მილიონი ტონა, კლება წინა წელთან 6.7%;
- ტრანზიტი – 1.7 მილიონი ტონა, კლება წინა წელთან 8.5%;
- საქართველოდან უცხოეთში საერთაშორისო გადაზიდვები – 1 მილიონი ტონა, ზრდა წინა წელთან 8.5%;
- ქვეყნის შიდა გადაზიდვები – 255 ათასი ტონა, კლება წინა წელთან 35%.
“2025 წლის I კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 51.0 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 23.2 პროცენტის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 25.8 პროცენტი).
საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 34.5 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 20.6 პროცენტი — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 17.8 პროცენტი — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე”, – ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება მგზავრთნაკადის რაოდენობას, 2025 წლის პირველ კვარტალში მგზავრთა რაოდენობა იყო 349 ათასი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით არის შემცირებული.
Discussion about this post