HRW: ჰააგის სასამართლო პასუხს მოსთხოვს ხარკოვზე თავდამსხმელებს

4 mins read

რადიო თავისუფლება იტყობინება რომ, საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან პირველ 11 დღეში, რუსეთის სარაკეტო დარტყმების და ავიაიერიშების შედეგად, 450-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში.

უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ დღეს, 18 მარტს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ხარკოვზე თავდასხმების შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საკულტო ნაგებობები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ქალაქის მცხოვრებნი დარჩნენ საკვების, მედიკამენტების, ელექტროენერგიის, გათბობის და წყლით მომარაგების გარეშე.
Human Rights Watch-ი ადასტურებს რუსული არმიის მიერ ხარკოვში ე.წ. კასეტური ბომბების გამოყენებას. საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებზე თავდასხმა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და შესაძლოა, ომის დანაშაულად შეფასდეს.

„რუს სამხედროებს შეიძლება ეგონოთ, რომ ხარკოვზე თავდასხმებისას ომის კანონების იგნორირების უფლება აქვთ, მაგრამ დამნაშავეებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მოსთხოვს პასუხს ომის დანაშაულისთვის“, – განაცხადა Human Rights Watch-ის დირექტორმა ევროპასა და შუა აზიაში ჰიუ უილიამსონმა.

რუსული არმია უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ხარკოვს ინტენსიურად უტევს უკრაინაზე თავდასხმის პირველივე დღიდან. ომის დაწყებამდე ქალაქში 1.4 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

უკრაინაში ომის შესაძლო დანაშაულთა გამოძიება 28 თებერვალს დაიწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა.

READ  დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო რუსეთი აღარასდროს ენდობა დასავლეთს

კომენტარის დატოვება